ჟურნალი ნომერი 5 ∘ ნიკოლოზ ჭარხალაშვილი ტირანია და ტირანი მმართველის ბედი პლატონის „სახელმწიფოს“ მიხედვითპლატონის (427-347) უნიკალური ნაშრომი - „სახელმწიფო“, ცხადია, არ ეხება მხოლოდ იდეალური და ამავდროულად, უტოპიური სახელმწიფოს პლატონურ ინტერპრეტაციას. დიალოგში წარმოდგენილია ფილოსოფოსის ნააზრევი: სიკეთეზე, სამართლიანობაზე, ცოდნაზე, სწავლა-განათლების მნიშვნელობაზე, სიმამაცეზე, მოვალეობებზე, ხელოვნებასა, თუ სულის იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. პლატონი „სახელმწიფოს“ I-II წიგნებში, ცდილობს დაადგინოს სამართლიანობის (მე-4 სიქველის) ბუნება. იგი დასძენს, რომ არაა სამართლიანი კეთილი საქმე მხოლოდ მოყვარეს გაუკეთო და მტერს ავნო. ფილოსოფოსი ეწინააღმდეგება სოფისტი ოპონენტის, თრასიმაქეს თვალსაზრისს, რომ სამართლიანობა ის მოქმედებაა, რომელიც ძლიერთათვისაა სასარგებლო. პლატონი დასძენს, რომ სამართლიანი ადამიანი არავის ავნებს. სამართლიანობა ზრუნვაა საერთო სარგებლობისთვის, სამართლიანია წოდებათა შორის არსებული ჰარმონიაც. სახელმწიფოში ყველამ თავისი საქმე უნდა აღასრულოს პირნათლად. სამართლიანი ვერასდროს ვერ იქნება ტირანი ადამიანი, რომელიც პირად სარგებელზეა ორიენტირებული და ამის გამო ყველაფრის მკადრებელია. ჩვენი მიზანია, პლატონის „სახელმწიფოს“ IX წიგნის მიხედვით, გავიაზროთ, თუ რას მოუტანს მმართველობის ტირანული ფორმა თავად მმართველსა და სახელმწიფოს. ამრიგად, განვიხილავთ ტირანი მმართველის ბუნებას, მის ბედს, გავეცნობით სულის სამგვარ საწყისს და ტირანის ბედის ანალიზის ფონზე, დავადგენთ, რომ უმჯობესია ვემსახუროთ სამართლიანობას, ვიდრე ვიყოთ უსამართლონი.
ვიდრე საკითხის ფუნდამენტურ ანალიზს შევუდგებოდეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ფილოსოფოსი „სახელმწიფოს“ VIII წიგნში განიხილავდა მმართველობის სხვადასხვა ფორმებს: არისტოკრატიას, ტიმოკრატიას, ოლიგარქიასა და დემოკრატიას. გადაგვარებული დემოკრატიული მმართველობის სისტემა ტირანიის მშობელი აღმოჩნდება. საინტერესოა, როგორ მიმოიხილავს პლატონი ვრცლად ტირანული მმართველობის რეჟიმს. IX წიგნის დასაწყისში, თანმიმდევრულადაა განხილული ტირანი ადამიანის „დაბადების“ პროცესი დემოკრატიული ადამიანისგან. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელიც შებყრობილია ყოველგვარი მანკიერი გრძნობით? ის უსუსურია. მანკიერი ვნებები პიროვნებას დაბადებიდან სპობენ, აბრმავებენ. ამ დროს, სულის გონივრული და თვინიერი საწყისი თვლემს, ხოლო უგუნური და ველური საწყისი ფხიზლობს ადამიანში. ველური გრძნობები თავშეკავებულ ადამიანშიც ბუდობს, რომლებიც უმთავრესად სიზმრებში ცხადდება ხოლმე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავშეკავებულ ადამიანს აქვს უნარი, შეძლებისდაგვარად, დათრგუნოს ყოველგვარი ვნება.
ადამიანი დაბადებიდან თუ არა, სიყრმიდან, შეძლებული მამის ყურადღების ქვეშ იზრდება. საწყის ეტაპზე, მისთვის ფუფუნებაა უმთავრესი, მაგრამ როდესაც ის შემცდარ ადამიანებს შეუერთდება, მანკიერ თვისებებსაც გაიმრავლებს. მან არ იცის რომელი მხარეა უკეთესი: ხელმომჭირნე მამისა, თუ ბილწი საზოგადოების. ორივე მხარის თვისებებს მოიცავს საკუთარ თავში (ეს არის პროცესი, თუ როგორ გარდაიქმნება ოლიგარქი ადამიანი დემოკრატად). როდესაც ეს დემოკრატი კაცი წამოიზრდება და გახდება მამა, შვილიც შემცდარი ეყოლება. ვნება, რომელიც შემცდარ ადამიანში სახლობს, პლატონის გადმოცემით, წააგავს ვეება მამალ ფუტკარს. ასეთი ადამიანი იქნება მფლანგველი, ჯიუტი, მშობელთა შემრისხავი, დაცლილი ყოველგვარი სიკეთისგან, შლეგიანი და ამაზრზენი. ამდენად, პლატონს სურს გვაჩვენოს - რა თვისებებს მოიცავს ადამიანი საკუთარ თავში, ვიდრე ტირანად ჩამოყალიბდება.
პლატონი ეხება ეროსის საკითხსაც. ეროსსაც არ მოიხსენიებენ ტყუილად, როგორც ტირანს, ეროსი ადამიანებს ამონებს, ამიტომ ტირანი ადამიანი არაფრით ჩამორჩება შლეგსა და შერეკილს, რომელსაც ღმერთების დამონებაც კი სწადია. რა თქმა უნდა, ეროსისადმი პლატონის დამოკიდებულება არ არის ერთგვაროვანი, ამის საპირისპიროდ, პლატონი „ნადიმში“ დასძენს, რომ ეროსი მუდმივი კეთილდღეობისკენ მისწრაფებაა (ფილოსოფოსი გადმოგვცემს ბრძენი ქალის, დიოტიმა მანტინეელის ნააზრევს), მაგრამ სიკეთის გარდა ადამიანი ცდილობს უკვდავების დაუფლებასაც და გამოდის, რომ სიყვარული, თავისთავად არის სწრაფვა უკვდავებისაკენ. ტირანი ადამიანი, რომელიც ბუნებით ავადმყოფია, აურაცხელ მანკიერ თვისებას ატარებს: იპარავს, მრუშობს, ძალადობს და მზაკვრობს. მისი მიზანი შლეგური სურვილების დაოკებაა და როგორც საკუთარ დედ-მამაზე აღმართვს იგი ხელს, ასე აღმართავს სამშობლოზეც. ტირანი ადამიანები არასანდონი და უკიდურესად უსამართლონი არიან, ამიტომ პლატონისთვის ტირანული სახელმწიფო ტირანული სულის გამომჟაღვნებაა. ტირანი ადამიანი მოკლებულია ყოველგვარ ზომიერებას, იგი უკიდურესად მანკიერია.
„ზომიერება პლატონთან ერთგვარი ჰარმონიაა. წინა თვისებების საპირისპიროდ, იმისათვის რომ სახელმწიფოს მიეწეროს ეს თვისება, მისი ყველა წევრის ძალისხმევაა საჭირო. ზომიერება უნდა ახასიათებდეთ მმართველებსაც და ქვეშევრდომებსაც. სახელმწიფოში მმართველები და ქვეშევრდომები თანხმდებიან იმაზე, თუ ვინ უნდა მბრძანებლობდეს“ [ჯალაღონია, 2018: 54l.
მაგრამ ტირანი ადამიანი სასტიკად ეგოისტია, იგი არავისთან თანხმდება, მას ბევრი მონა ჰყავს და არ ეშინია მათი, ვინაიდან კერძო პირების იმედი აქვს, თუმცა იგი ამავდროულად უსუსურიცაა, რადგან თუ ღმერთი ტირანს უდაბნოში გადაიყვანს ოჯახითურთ და მონათა თანხლებით, იგი ძრწოლას მიეცემა: დაიწყებს პირფერობას, შეეშინდება მონებისაგან მოსალოდნელი აჯანყებისა, აგრეთვე უარეს დღეში ჩავარდება, თუკი მეზობლად ისეთ ხალხს შემოვახვევთ, ვისაც მმართველობის ეს უვარგისი ფორმა ეჯავრება.
ტირანია, ფაქტობრივად, მმართველობის ფორმადაც არ შეიძლება მივიჩნიოთ, მასზე უარესი არაფერია. IX წიგნში პლატონი მმართველობების საბოლოო ფორმულირებას წარმოგვიდგენს უკეთესიდან უარესისკენ: არისტოკრატია, ტიმოკრატია, ოლიგარქია, დემოკრატია და ტირანია. როგორც სახელმწიფოა დაყოფილი სამ სხვადასხვა წოდებად, ისე ყოველი ადამიანის სულში განირჩევა სამი სხვადასხვა საწყისი. პირველი - სულის შემმეცნებელი საწყისია, ამგვარი სულის საწყისის მატარებელია სიბრძნისმოყვარე, ფილოსოფოსი ადამიანი, იგი კეთილგონიერია და აქვს მსჯელობის უნარი, როგორც იარაღი. აღსანიშნავია, რომ პლატონის „სოკრატეს აპოლოგიის“ მიხედვით, ფილოსოფია გზაა, როგორც გარესამყაროს, ისე ადამიანური ბუნების, მისი მოქმედებების, ცხოვრების წესისა და აზროვნების საფუძველთა შემეცნებისა. ამგვარი ცოდნის დაუფლება, პირველ რიგში, თვითშემეცნებითაა შესაძლებელი („შეიცან თავი შენი“), ფილოსოფია იწყება საკუთარი უცოდინრობის აღიარებით. მნიშვნელოვანია, სოკრატეს „კრაზანობაც“. ნურავის ექნება პრეტენზია, რომ იგი ბრძენია, ჩვენ ვიცით ის, რომ არაფერი ვიცით (სოკრატული ირონია, რასაც მეთოდოლოგიური გაგება აქვს). სიბრძნისმოყვარე ადამიანის (ფილოსოფოსის) მოწოდებაა - მუდმივი სწრაფვა შემეცნებისაკენ, უპირატესობა ენიჭება ცოცხალ საუბარს, დიალოგს, არცოდნის შეგნება დასაბამს აძლევს ახალი ცოდნის შობას („მაიევტიკა“) და ჭეშმარიტების ძიების ამგვარი მეთოდით ვიგებთ, რომ ფილოსოფოსია ის, ვინც დიალექტიკური მეთოდით უარყოფს მოჩვენებით სიბრძნეს, განწმენდს სუბიექტური ელემენტებისგან და მიზნად ისახავს ობიექტური ჭეშმარიტების ძიებას.
ფილოსოფოსი ფლობს სულის პირველ, შემმეცნებელ საწყისს. რა პრივილეგიით სარგებლობს ფილოსოფოსი და რა არის ფილოსოფია? პლატონის „სახელმწიფოს“ V წიგნის ბოლო ნაწილისა და VI-VII წიგნების მიხედვით, ფილოსოფია სწრაფვაა ჭეშმარიტი შემეცნებისკენ, ჭეშმარიტი ცოდნის განსასაზღვრად, აუცილებელია, იმთავითვე გავავლოთ სადემარკაციო ხაზი შეხედულებასა და ცოდნას შორის. შეხედულება მიმართულია იმაზე, რაც წარმავალია, ხოლო ცოდნა თავისთავად არსებულს მიემართება, მყარი, მარადიული და თვითკმარია. ის, ვინც თავისთავად ცოდნას შეჰხარის - სიბრძნისმოყვარეა. ფილოსოფოსი ჭეშმარიტების მოტრფიალეა და იდეალურ სახელმწიფოს ჭეშმარიტი ფილოსოფოსი მეფე უნდა ჩაუდგეს წინამძღოლად, რომელიც იქნება ბრძენი, საიმედო, შეუწყობს ხელს ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეთა შორის სამართლიან და ჰარმონიულ თანამშრომლობას. თუმცა, ამგვარი თვისებები იშვიათად ვლინდება თავისთავად, ამიტომ მათ უნდა მიეცეთ სათანადო განათლება. ის, რაც არის მზე ხილულ სამყაროში, არის სიკეთის იდეა აზროვნებით საწვდომ სამყაროში. ხაზის ანალოგიაში პლატონი წარმოგვიდგენს: გრძნობად საგნებს, მათ ანარეკლებს, მათემატიკურ ობიექტებსა (რომლებიც შორდებიან გრძნობად სამყაროს და უახლოვდებიან იდეალურს) და იდეებს. არსებობს არა მხოლოდ ცალკეული, ხილული საგნების სამყარო, არამედ იდეების სამყაროც, რომელსაც მხოლოდ აზროვნებით შეგვიძლია ჩავწვდეთ. ადამიანი, რომელიც გააცნობიერებს თავის უვიცობას (გამოვა "გამოქვაბულიდან"), დაიწყებს სინამდვილის შეცნობას. სრულყოფილი ცოდნის ფლობა შესაბამის განათლებას მოითხოვს. განხილულია, ის სასწავლო დისციპლინები, რომლებსაც უნდა ფლობდეს ფილოსოფოსი მეფე: არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია და მუსიკა (კვადრიუმი). აგრეთვე, ნამდვილი ფილოსოფია დიალექტიკის გარეშე არ არსებობს. ამგვარი განათლებით (აგრეთვე, გიმნასტიკა და სამხედრო სწავლება), 50 წლის პიროვნება ყველანაირად მზადაა იმეფოს და იზრუნოს სახელმწიფოს კეთილდღეობაზე. დავუბრუნდეთ IX წიგნს: სულის მეორე საწყისი - აღმგზნებია და ამ საწყისის მქონე ადამიანს ახასიათებს სიშლეგე და ძლევის ტრფიალი. სულის მესამე საწყისი - გულისთქმის აღმძვრელი საწყისია. ვერცხლისმოყვარე, ანგარებიანი ადამიანი მსუნაგია, სასიყვარულო განცხრომას ესწრაფვის, აქვს ფუფნებისადმი გამძაფრებული ლტლოვა, იგი სულის მესამე საწყისის მატარებელია. სულის შემმეცნებელი საწყისის მქონე ადამიანი, ანუ ფილოსოფოსი ყველაზე უკეთ იცნობს სულის მეორე და მესამე საწყისებს, ვიდრე სხვანი, რადგან მას გაუსინჯავს როგორც პატივის, ისე ფუფუნების გემო, თუმცა მაინც სიბრძნისადმი სწრაფვა არჩია, ამიტომ იგი ცამდე ამაღლებულია სხვებთან შედარებით.
პლატონი გვიხატავს მხეცს, ლომკაცის ჰიბრიდს, რომელიც უნდა არეგულირებდეს ურთიერთ საწადელს, თუ ლომს მივცემთ გასაქანს, იგი დაბრდღვნის ყოველივეს - ამას ამტკიცებს ის, ვისთვისაც უსამართლობა სასარგებლოა, ხოლო სამართლიანი ადამიანი მრავალთავა მხეცს ადამიანს დაუყენებს პატრონად, იგი მოუვლის და დაამშვიდებს ურჩხულს. ადამიანისთვის მავნეა: თავაშვებულობა, ქედმაღლობა, სიფიცხე, ფუფუნება და პირმოთნეობა. მართალი ყოველთვის ის იქნება, ვინც აქებს სამართლიანობას, მის მაგინებელს კი არაფერიც არ ესმის, თვით ისიც კი, რასაც აგინებს, უსამართლობის მაქებარი ადამიანი ცრუა.
„ასეთია, ინდივიდთან მიმართებაში, პასუხი ჩვენს შეკითხვაზე: "რა არის სამართლიანობა?" ეს არის შინაგანი ჰარმონია, ხასიათის სხვადასხვა ელემენტს შორის თანაზომიერებისა და ორგანიზებულობის მდგომარეობა. ასეთი გაწონასწორებული და მოწესრიგებული ხასიათი არ შეიძლება, არ გამოვლინდეს მოქმედებაში, რომელსაც, ჩვეულებრივ, სამართლიანს უწოდებენ, ამ თვალსაზრისით, სამართლიანობა სულის სიჯანსაღეა, უსამართლობა კი თავისებური ავადმყოფობა“ [ნოდია, 1983: 126].
ნიშანდობლივია, რომ უსამართლო კაცს, დანაშაულის მიჩქმალვა არ არგებს, პირიქით, იგი ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისგებაში იწრთობა და ხელახლა იბადება. ზომიერი კაცი ყველა სულიერი საწყისის გემოს იგებს, თუმცა მაინც, სიბრძნეს, სამართლიანობას იხდის წინამძღვრად და პლატონის მიხედვით, სწორედ ასეთი მმართველი სჭირდება სახელმწიფოს.
კვლევის საკითხი პლატონის „სახელმწიფოს“ IX წიგნის მიხედვით, ტირანი მმართველისა და მმართველობის ტირანული რეჟიმის ბუნების დადგენა გახლდათ. გამოიკვეთა ტირანის მიერ მართული სახელმწიფოს უიღბლო ბედისწერა. ტირანი მმართველი უსამართლო და უბედურია, იგი სულიერად ავადაა და ყოვლადმანკიერი ბუნების მატარებელია, მას ბედნიერი მომავალი არ უწერია. აგრეთვე, გავეცანით სულის სამგვარ საწყისს: შემმეცნებელ, აღმგზნებ და გულისთქმის აღმძვრელ საწყისებს. პლატონი ცდილობს დაგვარწმუნოს იმაში, რომ სულის შემმეცნებელი საწყისის მქონე, სიბრძნისმოყვარე, ფილოსოფოსი ადამიანი, ყველაზე ბედნიერია და მიილტვის სამართლიანი სახელმწიფოს შენებისაკენ. სჯობს ვეძიებდეთ სამართლიანობას, ვიდრე ვიყოთ უსამართლობის მაქებარნი. სამართლიანი საზოგადოება ქმნის სამართლიან სახელმწიფოს. ამრიგად, ყველაფერი გონივრულობას, სამართლიანობის იდეას უნდა ემყარებოდეს, მათ შორის მმართველობაც.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. გათრი უ. 1983. ბერძენი ფილოსოფოსები. მთარგმნელი: გიორგი ნოდია. საბჭოთა საქართველო. თბილისი.
2. პლატონი. 2003. სახელმწიფო. მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე. ნეკერი. თბილისი.
3. ჯალაღონია დ. 2018. პოლიტიკური ფილოსოფია. ლოგოსი. თბილისი.
4. Plato. 1941. Republic. Translated by: Francis Macdonald Cornford. Oxford University Press. London.